2014-06-19 13:08:56
6358
ვერსიაში გამოქვეყნებულ წერილს _ `დავით კეზერაშვილის კადრებს არჩილ კბილაშვილი ლობირებდა?~ _ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ვიღაცები შეეცადნენ, რომ წერილისთვის პოლიტიკური სარჩული დაედოთ და ლამის მთელი თბილისი ააწრიალეს. ჯერ ერთი, სამინისტროებმა, მინისტრებმა, მათი ადმინისტრაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ და თუ არ იციან, აწი კარგად დაიამხსოვრონ, რომ `ვერსია~ პოლიტიკურ ინტრიგებში არ მონაწილეობს! მეორეც, თითქმის მთელი თბილისის აწრიალება რაღაცნაირად მედიაზე ზეწოლას ჰგავს და ისე ნუ იზამთ, რომ თქვეს მიერვე აგორებული პოლიტიკური ავანტიურის ლაბირინთებში გაიხლართოთ, მით უმეტეს, რომ ყველაფერი მარტივადაა და საქმე წართმეულ ქონებას ეხება _ დატერორებული ბიზნესმენი, რომელსაც ნაციონალებმა ქონება 2006 წელს წაართვეს, ღიად აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც მის `საქმეს~ მაში იძიებდა, დღეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსია! ლაპარაკია კონსტანტინე (კოტე) ყიფინაზე, რომლის პოზიციის დასაფიქსირებლადაც `ვერსია~ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამეტის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა უშედეგოდ.
სხვათა შორის, ჟურნალისტს აქვს უფლება, სტატია თუ ინტერვიუ ფსევდონიმით გამოაქვეყნოს, ან მასალა ერთმა ჟურნალისტმა მოამზადოს, მეორე კი, კომენტარისთვის ამა თუ იმ მხარეს დაუკავშირდეს.
ახლა, რაც შეეხება `ნაციონალური გაკულაკების~ მორიგ ფაქტს, 2013 წლის აპრილში, სს `თბილელექტროაპარატის~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სავაჭრო ცენტრ `საბას~ მფლობელმა პაატა კაჭარავამ მთავათრ პროკურატურას განცხადებით მიმართა და უკანონო ჩამორთმეული ქონების საქმის გამოძიება მოითხოვა, თუმცა მოთხოვნა მოთხოვნად დარჩა. პაატა კაჭარავა ხაზგასმით აცხადებს, რომ პოლიტიკური ინტერესები არ ამოძრავებს და მხოლოდ წართმეული ქონების დაბრუნებას, ამასთან, იმ პირების დასჯას ითხოვს, რომელთა ზეწოლითაც 6 ჰა მიწის ნაკვეთი, ზედ არსებული შენობა-ნაგებობებით, სახელმწიფოს თითქოს ნებაყოფლობით აჩუქა. აღსანიშნავია, რომ კაჭარავამ ქონების გასხვისება-ჩუქების უფლებაზე მინდობილობა თავის ადვოკატს ორთაჭალის ციხეში მისცა.
კაჭარავას თქმით, ნაციონალები მისი ქონებით 2005 წელს მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ფინანსურ პოლიციაში სს `ელექტროაპარატის~ ერთ-ერთმა აქციონერმა ვლადიმერ ბირკაძემ საჩივარი შეიტანა. საჩივრის შეტანამდე კი, ბირკაძეს კაჭარავასთვის უთქვამს, თუ გინდა რომ გავჩუმდე, 5 ათასი დოლარი გადამიხადე და თუ 30 ათასს მომცემ, სააქციო საზოგადოებიდან საერთოდ წავალო.
_ ბატონო პაატა, ფინანსურ პოლიციაში ბირკაძემ რა მოტივით გიჩივლათ?
_ თითქის ვიღაცის აქციები და ქონება მივითვისე.
_ სს `ელექტროაპარატი~ რას აწარმოებდა?
_ ფართომოხმარების საშუალებებს. როცა შევიძინე, ქარხანას მილიონნახევარი ვალი ჰქონდა.
_ რომელ წელს შეიძინეთ?
_ 1996 წლიდან ფულად აუქციონზე აქციების გამოტანა დაიწყო. გამოსყიდვა 1999 წელს დავამთავრე.
_ ანუ, ქარხანას ეტაპობრივად ყიდულობდით?
_ დიახ და ასე გავხდი ზარალიანი ქარხნის 93 პროცენტის მფლობელი.
_ თუ ზარალიანი იყო, რატომ გამოისყიდეთ?
_ იმიტომ ვიყიდე, რომ წარმოების ოპტიმიზაცია შეიძლებოდა და 2002 წელ, ადგილობრივი ბაზრისთვის, უკვე 200-მდე ახალი პროდუქცია გვქონდა ათვისებული. ამასთან, ვალებიც დავფარეთ.
_ ქარხანას ბიუჯეტის ვალი ჰქონდა?
_ დიახ, დაახლოებით, 850 ათასი, ასევე, დღგ, მოგებისა და საშემოსავლოს, სახელფასო და კომუნალური გადასახადების დავალიანებებიც დავფარეთ. ისე, იმდროინდელი მილიონნახევარი დღეს 15 მილიონის ტოლფასია. როცა შევიძინე, საწარმო, პრაქტიკულად გაძარცული იყო _ დანადგარების მხოლოდ 5 პროცენტი მუშაობდა...
_ ამასობაში, `საბა~ დააფუძნეთ, რომელიც დღეს უკვე ბრენდია?
_ `საბა~ სავაჭრო სახლია, რომელიც 1992 წელს შექმნილი შპს `ელექტროპლასტის~, ასე ვთქვათ, ბაზაზე შეიქმნა...
_ ბატონო პაატა, წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფოს სს `ელექტროაპარატი~ აჩუქეთ თუ საბა?
_ `ელექტროაპარატის~ ნაწილი... ის შენობა, სადაც ავეჯის ბაზრობა `საბა~ გავხსენით, თავის დროზე გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს, თუმცა განადგურებული იყო... ბაზრობების რეორგანიზაცია რომ დაიწყო, ქალაქის მერიას შევთავაზეთ, გვაქვს თავისუფალი ფართი, რომელიც წარმოებისთვის არ გამოიყენება, ამასთან, დამოუკიდებელი მისასვლელები აქვს და შეიძლება, ავეჯის ბაზრობისთვის გამოდგესო. მერიას ეს ტერიტორია მოეწონა, თან სხვებზე უკეთესი პირობებიც გვქონდა, მაგალითად, პირველი სამი თვე მოვაჭრეებისთვის უფასო იქნებოდა.
_ მერიისგან არ გიგრძვიათ, რომ ბიზნესის წილში ჩაგიჯდებოდათ?
_ არა...
_ ბატონო პაატა, თქვენი ინფორმაციით, ქონების წართმევის, ასე ვთქვათ, სქემა ფინანსური პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, დავით კეზერაშვილმა თვითონ შეიმუშავა თუ სხვის მითითებებს ასრულებდა?
_ როგორც ვიცი, თვითონ კეზერაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას, ვისთვის რა უნდა წაერთმიათ და ყველაფერ ამაში თავისი ქვემდგომები ეხმარებოდნენ.
_ ეს ქვემდგომები ვინ იყვნენ, იცით?
_ მაგალითად, ჩემი საქმის გამომძიებელი კეზერაშვილის მარჯვენა ხელი კოტე ყიფიანი იყო, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსია...
მას შემდეგ, რაც ფინანსურ პოლიციაში საჩივარი შევიდა, თავს დაგვესხნენ.
_ რას ნიშნავს, თავს დაგესხნენ?
_ 2005 წლის ბოლოს, თუ არ ვცდები, ნომებერში, რამდენიმე სამოქალაქოფორმიანი ადამიანი შემოვარდა, მათ შორის, კოტე ყიფიანი და ფინანსური პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსი, გვითხრეს, ფინანსური პოლიციიდნა ვართო და ჩხრეკა დაიწყეს... საბუთები წაიღეს და ძიება ექვსი თვე გრძელდებოდა.
_ ამ ექვსი თვის განმავლობაში არაფერს გთხოვდნენ?
_ ადვოკატებს ეუბნებოდნენ, ბიუჯეტში 500 ათასი გადაიხადოსო.
_ ამ თანხის გადახდას უშუალოდ ვინ გთხოვდათ?
_ გამომძიებელი ყიფიანი.
_ ამ შეთავაზებაზე რატომ არ დასთანხმდით?
_ მართალი ვიყავი და რატომ უნდა გადამეხადა?! ისე, მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საქართველოში ახალი `კოლექტივიზაცია~ იყო დაწყებული!..
_ არ გიცდიათ, კეზერაშვილთან ან იმდროინდელი ხელისუფლების სხვა მაღალჩონოსანთამ შუამავალი მოგეძებნათ?
_ ვიდრე არ დამიჭირეს, არაფერი მიცდია, დაჭერის შემდეგ კი, გამოსავლის ძიება დავიწყე.
_ როდის დაგიჭირეს?
_ 2006 წლის 28 ივნისს. შინიდან გამოვედი და ვიგრძენი, რომ უცხო მანქანა მომყვებოდა, სადაც სმოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ისხდნენ. ჯერ გავერიდე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლოები უნდა ყოფილიყვენ. მანქანა გავაჩერე და აფთიქაში შევედი, ისინიც შემომყვნენ და მითხრეს, ფინანსური პოლიციიდან ვართ და ჩვენთან უნდა წამოხვიდედო.
_ მანამდე თვალთვალი არ გიგრძვნიათ?
_ დამყვებოდნენ, მაგრამ უდანაშაულო ვიყავი და, ვფიქრობდი, რა უნდა მიყონ-მეთქი. მერე კი, ციხეში რომ ვიჯექი, მხოლოდ ჩემს ცოლს კი არა, თანამშრომლებსაც უთვალთვალებდნენ. ეგონათ, ფულიანი მფარველი მყავდა და ვერ წარმოედგინათ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიე.
_ მას შემდეგ, რაც ფინანსურ პოლიციაში მიგიყვანეს, რა მოხდა?
_ კოტე ყიფიანის კაბინეტში შევედით. ყიფიანი რაღაცებს მეკითხებოდა, ვუსაბუთებდი, ასე კი არა, ასეა-მეთქი, მაგრამ ჩემი პასუხები არ აინტერესებდა და ვუთხარი, დოქსოპულო ხარ-მეთქი.
სხვათა შორის, თავიდან ცაკლე ოთახში გამიყვანეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს, ვინმე `ჩაუშვიო~.
_ ცალკე ოთახში ვინ გაგიყვანათ?
_ კოტე ყიფიანმა... ამის შემდეგ, რაღაც საბუთები შეადგინეს. მახსოვს, ერთმა პროკურორმა თქვა, დასაჭერი არაა და ხელს არ მოვაწერო, მერე სტაჟიორი მოიყვანეს...
_ რა ბრალდება წაგიყენეს?
_ თითქოს 7 მილიონის სახელმწიფო ქონება მივითვისე, ასევე, თაღლითობასაც მედავებოდნენ...
_ ბრალდებები არ გააპროტესტეთ?
_ მაგათთან გაპროტესტებას რა აზრი ჰქონდა?.. ფინანსური პოლიციიდან `კაპეზეში~ გადამიყვანეს, ორი-სამი დღის შემდეგ სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მომისაჯა. ორი თვე ორთაჭალის ციხეში, ე.წ. ფაშისტებში ვიჯექი. ბრძოლის ჟინით ვიყავი შეპრობილი და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გავასაჩივრე, სამი მილიონი გირაო შემიფარდეს, მაგრამ ფული არ მქონდა და შევთავაზე, რომ ჩემი ქონების ნაწილს გირაოში ჩავდებდი, მაგრამ ეს ქონება იპოთეკით იყო დატვირთული და სასამართლომ უარი განაცხადა...
ერთხელ, ადვოკატების ოთახში კოტე ყიფიანი შემხვდა და ვუთხარი, ჯერ ერთი, მართალი ვარ, მეორეც, ქონება იპოთეკითაა დატვირთული და როგორ წაიღებთ-მეთქი. მიპასუხა, აი, ნახავ, თუ ვერ წავიღებთო. სხვათა შორის, ადეიშვილთან შუამავლები მივაგზვანე, მაგრამ ადეიშვილმა თქვა, ეგ კეზერაშვილის თემააო, თან უთქვამს, თუ ამ კაცს ამდენი ქონება ჰქონდა, აქამდე რატომ არ ვიცოდითო... ამასობაში, ჩემს ბინას ყადაღა დაადეს და ცოლ-შვილი ქუჩაში მრჩებოდა... კოტე ყოფიანმა ისიც მითხრა, თუ ფულის გადახდაზე ან ქონების დათმობაზე არ წამოხვალ, შენს ყველა თანამშრომელს დავიჭერთო. ჩავთვალე, რომ მხოლოდ უდანაშაულო ხალხის კი არა, ჩემი ქონების ნაწილის გადარჩენაც შეიძლებოდა. ამიტომ, ქონების ის ნაწილი დავთმე, რომელიც მათ აინტერესებდათ... ციხეში, ჩემს ადვოკატზე, გიგა კვერენჩხილაძეზე გავეცი მინდობილობა და ამის საფუძველზე, ნოტარიუსმა მერი ბუბაშვილმა ჩემი ქონება სახელმწიფოს გადაუფორმა.
_ ქონების რა ნაწილზე იყო ლაპარაკი?
_ დაახლოებით, 6 ჰა-ზე. მე კი, 5500 ჰა დამრჩა.
_ სავაჭრო სახლ `საბას~ გადაფორმებას არ გთხოვდნენ?
_ კი, მაგრამ გავჯიუტდი, თან როგორც ჩანს, თვითონაც ეჩქარებოდათ... დაჭერით ჩემს თანამესაკუთრე ირინა ვაჭარაძესაც ემუქრებოდნენ.
_ საკანში მარტო იყავით?
_ არა, ხუთნი.
_ ისინიც ბიზნესმენები იყვნენ?
_ არა, თუმცა ბევრი ბიზნესმენი იყო დაჭერილი.
_ ბატონო პაატა, როგორც ვიცი, სტიქაროსანი ხართ. არ გიცდიათ, რომ დახმარება უწმინდესისთვის გეთხოვათ?
_ მათ ქონება ან ფული უნდოდათ და ამ აზრზს ვერავინ და ვერაფერი გადაათქმევინებდათ.
_ მაშინ ყველაფერ ამას ცალკეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების გადაჭარბებად თვლიდით თუ სისტემურ დანაშაულად?
_ რა თქმა უნდა, სისტემური დანაშაული იყო _ ყველაფერი სააკაშვილისგან მოდიოდა! 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში `ოცნებას~ რომ არ გაემარჯვა, მეორე წრეზე შემოგვივლიდნენ და ყველაფერს წაგვართმევდნენ. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, შინიდან იმ იმედით არასოდეს გამოვსულვარ, რომ საღამოს უკან დავბრუნდებოდი.
_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, წართმეული ქონების დასაბრუნებლად სამართალდამცავებს არ მიმართეთ?
_ 2013 წლის აპრილში მთავარ პროკურატურაში განცხადება შევიტანე, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.
_ თქვენი აზრით, რატომ?
_ ხელისუფლებაში ისევ ძველი ჩინოვიკები არიან, რომლებიც გამოძიებას ხელს უშლიან, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი შეიცვალა, ვიმედოვნებ, რომ მათ, ვინც ხალხის გაუბედურებაში მონაწილეობდნენ, სამსახურიდან გაუშვებს, საქმეებს ხელახლა გამოიძიებს და სამართლიანობა აღსდგება!
გიორგი გიორგაძე
გაზეთ `ვერსია~